რატომ ვერ მუშაობს ბიზნესი საკუთარი სტანდარტის გარეშე და სად იწყება რეალური ცვლილება
- Tamar Vanely
- Feb 6
- 5 min read
ერთ კვირაში გაქვთ კარგი შემოსავალი, შემდეგ კვირაში ჩავარდნა.
ერთ დღეს გუნდი იდეალურად მუშაობს, მეორე დღეს „როგორც გამოვა“.
და ყველაზე მტკივნეულია ის, რომ როგორც კი თქვენ იღლებით, ბიზნესიც იწყებს დარღვევას.
თუ ეს თქვენი რეალობაც არის, ეს სტატია თქვენთვისაა.
თქვენი ცხოვრება და თქვენი ენერგია არ უნდა იფლანგებოდეს ბიზნესის „გადარჩენისთვის“ გამართულ მუდმივ ბრძოლაში.
ეს თემა ეხება თითქმის ყველა მცირე ბიზნესის მფლობელს, ვინც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის, მაგრამ ბიზნესის მართვის პროფესიონალური ცოდნა და სისტემური უნარები ჯერ ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული.
ვინც ჩემს ფეისბუკ ჯგუფს „Beauty & SPA Business DNA“ თვალყურს ადევნებთ, ან ჩემს ვებინარებს დასწრებიხართ, უკვე იცით ჩემი ისტორიის ნაწილი.
როგორ გავხსენი კოსმეტოლოგიური კლინიკა ისრაელში ენის ცოდნის გარეშე.
და მოგვიანებით აღმოჩნდა, პრაქტიკულად მართვის მინიმალური ცოდნის გარეშეც.
მაშინ საკუთარ თავზე გამოვცადე ძალიან მკაცრი ბიზნეს სიმართლე.
შეიძლება პროფესიონალურად ყველაფერს სწორად აკეთებდეთ, მაგრამ შემოსავალი მაინც „ტალღას“ ჰგავდეს.
ჩემთვის ყველაზე რთული ის იყო, რომ როგორც კი მე ვიღლებოდი, ბიზნესიც თითქოს ჩერდებოდა.
ერთხელ, რუსული წიგნების მაღაზიაში, შემთხვევით წავაწყდი ბიზნესის მართვაზე ერთ სახელმძღვანელოს.
იქ ამოვიკითხე ფრაზა, რომელმაც იმ დროინდელ ჩემს ხედვაზე დიდი გავლენა მოახდინა: „თუ თქვენ არ მართავთ თქვენს ბიზნესს პროტოკოლების მიხედვით, ძალიან მალე ბიზნესი თვითონ დაიწყებს თქვენს მართვას და ეს ტკივილით დასრულდება.“
იმ დროს ბოლომდე ვერ მივხვდი, რა „პროტოკოლებზე“ იყო საუბარი.
მაგრამ ერთი რამ ნათლად გავიგე: ჩემი ბიზნესის მთავარი პრობლემა ჩემს უნარებში კი არა, მის მართვაში იყო.
ყველაფერი თითქოს ბედისწერაზე მქონდა მინდობილი.
როგორც ბევრ მცირე ბიზნესის მფლობელს, მეც ასე მეგონა: მართვა უბრალოდ ყოველდღიურობაა და განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს.
წარმატება კი „იღბლის ამბავია“.
მე მივდიოდი კლინიკაში, ვხსნიდი კარს და ველოდი, როდის მოინდომებდნენ კლიენტები მოსვლას.
ისინი კი რატომღაც სხვებთან მიდიოდნენ.
მერე ნელ-ნელა დავინახე, რას გულისხმობდა ავტორი.
პროტოკოლი ქმნის წესრიგს, იცავს ხარისხს და გაძლევთ პროგნოზირებადობას.
ასე აღარ გიწევთ ყოველდღე „ბედს“ ელოდოთ. ამიტომ გადავწყვიტე შემედგინა პროტოკოლები.
ანუ ჩემი ბიზნესის საკუთარი წესები, რომლებიც სულ მცირე სიმშვიდეს და წესრიგს მაინც მომიტანდნენ.
თავიდან ეს იდეა თითქმის სიგიჟედ მომეჩვენა. ვფიქრობდი:
„რა პროტოკოლები, მე ხომ უბრალოდ უნდა ვიმუშაო?“
მაგრამ როგორც კი დავიწყე და თანამიმდევრობით ქმედების ჩამოწერა ვცადე, ეს ჩემთვის ნამდვილ აღმოჩენად გადაიქცა.
მე კარგად ვიცოდი პროფესიული ნაწილი.
როგორ მიმეღო კლიენტი. როგორ გამეკეთებინა პროცედურა. როგორ დამემთავრებინა შეხვედრა.
მაგრამ ხშირად მრჩებოდა ის, რაც ბიზნესს ზრდის. ორი აუცილებელი მოქმედება პროცედურის ბოლოს:

კლიენტისთვის მოკლე და მკაფიო რეკომენდაცია, რომელი კანის მოვლის საშუალება სჭირდება და რატომ.
მომდევნო ვიზიტის შეთავაზება კონკრეტული ჩაწერით.
ყველა არ ყიდულობდა და ყველა არ ეწერებოდა. ეს ნორმალურია,
მაგრამ უკვე არსებობდა წესი, რომელიც მეხმარებოდა, რომ ეს ორი ნაბიჯი არ გამომრჩენოდა.
სწორედ აქედან დაიწყო ის მცირე წესრიგი, რომელმაც შემდეგ სტაბილურობამდე მიმიყვანა.
მე უბრალოდ ყოველდღიურ ქაოსს ვაქცევდი წესებად.
ეს დიდი რევოლუცია არ ყოფილა.
რამდენიმე წესმა ისეთი სიმშვიდე შექმნა, რომ მივხვდი: ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს საყრდენი.
როცა ბიზნესში არ არსებობს ერთი საერთო „ნორმა“, ანუ ერთნაირი მოქმედება ერთნაირ სიტუაციაზე, პროცესს შემთხვევითობა მართავს და ეს ყველაზე მეტად გღლით.
ამ ნორმას ჰქვია სტანდარტი.
ის ამცირებს დაღლას და გაძლევთ სტაბილურობას.
ხშირად „სტანდარტი“ ისე გვესმის, თითქოს ეს ნიშნავს სიმკაცრეს, ზედმეტ წესებს და კონტროლს.
სინამდვილეში სტანდარტი სიმშვიდეა. იმიტომ, რომ აღარ გიწევთ ყოველდღე ყველაფრის თავიდან მოფიქრება.
როცა თქვენს ბიზნესში არსებობს სტანდარტი, სამი რამ იწყებს მუშაობას ერთად.

ჩნდება წესრიგი და ყველაფერი თავის ადგილზე დგება.
იქმნება სისტემა და შედეგი აღარ არის განწყობაზე დამოკიდებული.
მოდის პროგნოზირებადობა და იცით საით მიიწევთ და რისი კონტროლი შეგიძლიათ.
სტანდარტის გარეშე ბიზნესს ერთი „ძრავა“ აქვს და ეს თქვენი ენერგიაა.
პრობლემა ის არის, რომ ეს „ძრავა“ მუდმივად 100 პროცენტით ვერ იმუშავებს.
ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენს ენერგიაზე გავლენას ახდენს ყველაფერი: დაღლა, ჯანმრთელობა, ოჯახი, სტრესი, სეზონი.
რატომ ჰგავს შემოსავალი „ტალღას“
შემოსავალი მაშინ ხდება არასტაბილური, როცა ბიზნესი წინასწარ გათვლილი წესებით არ მუშაობს და ყველაფერი „დღეს რა გამოვა“ რეჟიმში ხდება.
ეს ყველაზე ხშირად სამ ადგილას ჩანს:
კალენდარი მკაფიო წესს არ ექვემდებარება.
ჩაწერის და გადატანა-გაუქმების წესები ბუნდოვანია.
ამიტომ ჩნდება ცარიელი დღეები და კლიენტებიც იკარგებიან.
პროცედურა სრულდება, მაგრამ შემდეგი ვიზიტი არ ფიქსირდება.
კლიენტი ხშირად იკარგება და დაბრუნება შემთხვევაზე რჩება.
როცა გუნდი ერთ საერთო, წინასწარ შეთანხმებულ წესებს არ ეყრდნობა, მომსახურების ხარისხიც მერყეობს და კლიენტის ნდობაც ვერ მყარდება.
აქედან ერთ მარტივ დასკვნამდე მივდივართ.
სტაბილურობა არ იწყება „უფრო მეტი მუშაობით“.
სტაბილურობა იწყება იმით, რომ თქვენ ერთსა და იმავე სიტუაციაზე ერთნაირად მოქმედებთ და აი, სწორედ აქ ჩნდება შემდეგი ნაბიჯი: პროტოკოლი.
სად იწყება კონტროლი პროტოკოლის მიხედვით
ბიზნესში ასეთ წესებს ხშირად SOP-ს (Standard Operating Procedure) უწოდებენ — ანუ წინასწარ ჩამოყალიბებულ მოქმედებებს ერთნაირ სიტუაციებზე.
ქაოსსა და კონტროლს შორის ყველაზე დიდი განსხვავება ერთი სიტყვაა: პროტოკოლი.
ეს ნიშნავს: „ერთნაირ სიტუაციაზე ჩვენ ყოველთვის ერთნაირად ვმოქმედებთ.“
ბიუთი ბიზნესში პროტოკოლი შეიძლება ძალიან მარტივი იყოს, მაგრამ გადამწყვეტი.
როგორ ხდება ჩაწერა და დროის დადასტურება.
რა ხდება დაგვიანებაზე და „არ მოსვლაზე“.
როგორ იწყება მომსახურება, რომ კლიენტმა იგრძნოს პროფესიონალიზმი.
როგორ სრულდება მომსახურება, რომ კლიენტი დაბრუნდეს.
როგორ უნდა გაჟღერდეს ღირებულება ისე, რომ ფასი აღარ გახდეს მთავარი თემა.
პროტოკოლი არ კლავს ინდივიდუალურობას, ის იცავს თქვენი ბიზნესის და მომსახურების ხარისხს.
როგორ იწყება ცვლილება პრაქტიკულად
დაიწყეთ უკვე დღეს!
იდეალურ მომენტს ნუ დაელოდებით, რადგან ის ხშირად საერთოდ არ მოდის.
შექმენით ერთი მარტივი ჩარჩო, რომ ყოველდღე არ იყოთ დაკავებული გაურკვევლობით და სტრესული სიტუაციებით.
დაიწყეთ ამ სამი წესით:
პროცედურაზე ჩაწერა და დადასტურება
გქონდეთ ერთი წესი და ერთი მოკლე ტექსტი.
ყველა ჩაწერა ფიქსირდება და დროც დადასტურებულია.
ასე ნაკლები გაუგებრობა იქნება და კალენდარიც უფრო დაცული დარჩება.
მცირე მაგალითი (დადასტურება): „გამარჯობა, გიდასტურებთ ჩაწერას: ოთხშაბათი, 16:00. თუ რაღაც შეიცვლება, გთხოვთ მომწეროთ მინიმუმ 24 საათით ადრე.“
მცირე მაგალითი (ჩაწერისას 2 კითხვა): „რომელი დრო გირჩევნიათ x თუ y?"
პროცედურის გადატანა, ან არ მოსვლა
წინასწარ განსაზღვრეთ, რა წესით გადააქვთ ან აუქმებენ ვიზიტს.
და რას აკეთებთ, როცა კლიენტი არ მოდის.
ეს იცავს თქვენს დროს და კონფლიქტებსაც ამცირებს.
მცირე მაგალითი (წესი მარტივად): „გადატანა შესაძლებელია 24 საათით ადრე. იმავე დღეს გადატანისას ვიზიტი ითვლება გამოყენებულ დროდ.“
მცირე მაგალითი (კლიენტი არ მოვიდა): „გამარჯობა, დღეს 15:00-ზე ჩაწერა გვქონდათ და არ მოხვედით. ყველაფერი კარგად არის?
თუ გნებავთ, შემოგთავაზებთ ახალ დროს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებს ჩვენი არ მოსვლის წესი.“
მომსახურების დასრულება
პროცედურის ბოლოს კლიენტს უთხარით ორი რამ:
-რა უნდა გააკეთოს სახლში და როდის ჯობს შემდეგი ვიზიტი.
-შემდეგ შესთავაზეთ ჩაწერა.
ასე დაბრუნება აღარ იქნება შემთხვევაზე დამოკიდებული.
მცირე მაგალითი (მოვლის ინსტრუქცია): „დღეს კანს სჭირდება დამშვიდება, ამიტომ 48 საათი არ გამოიყენოთ სკრაბი და აქტიური მჟავები. საღამოს გამოიყენეთ დატენიანებელი და დღისით აუცილებლად SPF.“
ეს მაგალითები კოსმეტოლოგიიდან არის.
თქვენ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თქვენი სფეროს მიხედვით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მომსახურების შემდეგ მოვლის“ ნაწილი, რადგან ის თქვენს პროფესიონალიზმსაც უსვამს ხაზს.
მცირე მაგალითი (მომდევნო ვიზიტის შეთავაზება): „საუკეთესო შედეგისთვის ჯობს განმეორება 3 კვირაში. გირჩევნიათ ახლა დავნიშნოთ დრო, რომ კალენდარში ადგილი შეგინახოთ?“
როცა ამ სამ წესს დანერგავთ, პირველ ცვლილებას მალევე იგრძნობთ.
ქაოსი შემცირდება და კონტროლი გაიზრდება.
7-დღიანი მინიმალური ჩარჩო
თუ გსურთ, შეგიძლიათ ეს პროცესი 7 დღეზე გაანაწილოთ.
ყოველ დღე მხოლოდ ერთ ნაბიჯს აკეთებთ.
დღე 1: პროცესების რუკა
ჩამოწერეთ რა ხდება თითოეულ ეტაპზე. როგორ ხდება ჩაწერა. როგორ მიმდინარეობს მომსახურება. როგორ სრულდება პროცედურა.
დღე 2: პროცედურაზე ჩაწერის ტექსტი და დადასტურების წესი
შეადგინეთ ერთი მოკლე ტექსტი და ერთი წესი პროცედურაზე ჩაწერისთვის.
ყოველი ჩაწერისას ზუსტად ინიშნავთ დღეს და საათს. შემდეგ კი კლიენტს მოკლე შეტყობინებით უდასტურებთ დროს, რომ ორივემ ერთნაირად იცოდეთ როდის უნდა მოვიდეს.
დღე 3: პროცედურის გადატანა, ან არ მოსვლა
დაწერეთ ერთი გვერდი, სადაც მკაფიოდ იქნება: როდის შეიძლება გადატანა, რა ხდება გაუქმებისას და რას აკეთებთ, როცა კლიენტი არ მოდის.
დღე 4: პირველი 5 წუთი
დაწერეთ, როგორ იწყებთ მომსახურებას ისე, რომ კლიენტმა პირველივე წუთებში იგრძნოს წესრიგი და პროფესიონალიზმი.
დღე 5: ხარისხის მოკლე ჩექლისტი
შეადგინეთ 5 პუნქტი, რითაც ყოველდღე გადაამოწმებთ: ყველაფერი შესრულდა თუ არა ისე, როგორც თქვენთან უნდა სრულდებოდეს.
დღე 6: პროცედურის დასრულების "სცენარი"
ჩაწერეთ, რა უნდა უთხრათ კლიენტს პროცედურის ბოლოს. მოკლე მოვლის ინსტრუქცია. შემდეგი ვიზიტის შეთავაზება ჩაწერით.
დღე 7: ერთი გვერდი „ჩვენი ბიზნესის წესები“
შეაჯამეთ ყველაფერი ერთ გვერდზე, ყოვრელი, რაც უკვე შეადგინეთ წინა დღეებში.
ეს იქნება თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის (თუ გყავთ თანამშრომლები), რომ მომსახურება ერთი სახით შესრულდეს.
ამ 7 დღეში ყველაფერს იდეალურ დონემდე ვერ მიიყვანთ.
მაგრამ მთავარს აუცილებლად შექმნით წესებს, რომლებიც თქვენთვის იმუშავებენ მაშინაც, როცა გადაღლილი იქნებით.
თუ ამ სტატიამ თქვენში ნაცნობი განცდა გააღვიძა, ეს უკვე სიგნალია, რომ ცვლილება შესაძლებელია.
თქვენი პროფესიონალიზმი საკმარისია.
უბრალოდ მას სჭირდება ჩარჩო, რომელიც ხარისხს დაიცავს და სტაბილურობას გაამყარებს.
დაიწყეთ პატარა ნაბიჯით.
-ერთი წესით.
-ერთი ტექსტით.
-ერთი ჩარჩოთი.
სტანდარტი არ გართმევთ თავისუფლებას. პირიქით, გაძლევთ სიმშვიდეს
და როცა ეს სიმშვიდე გაქვთ, ბიზნესიც და ცხოვრებაც უფრო მარტივად დგება თავის ადგილზე.
თუ გსურთ მეტი მხარდაჭერა და გინდათ, ამ გზაზე მარტო არ დარჩეთ, შემოუერთდით ჩვენს ფეისბუკის ჯგუფს
Beauty & SPA Business DNA
აქ რეგულარულად ვაზიარებთ მხარდაჭერას, პრაქტიკულ რჩევებს და ბიზნესის მართვის გამოცდილ მეთოდებს, რომლებიც რეალურად გეხმარებათ.



Comments